საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში ათი სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს
14 აგვისტო 2019
სტუდენტები თვითმმართველობაში 2019 - ამ სახელწოდების პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინციატივით საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში განხორციელდება. თელავის, ამბროლაურის, ქედის, გორისა და მცხეთის მერიებში სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 სტუდენტი 1 თვის განმავლობაში იმუშავებს. ისინი დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნობიან და მუშაობის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ანგარიშებს წარადგენენ. მათ ასევე საშუალება ექნებათ დაესწრონ საკრებულოს სხდომებს და გაეცნონ საკრებულოს კომისიების და აპარატის მუშაობას.
პროექტის ამოცანაა სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გაიღრმავონ. ასევე, დამხმარე თანამშრომლის სახით სარგებელს მიიღებს მუნიციპალიტეტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი მუნიციპალიტეტების საქმიანობასთან დაკავშირებით 1 თვის განმავლობაში სტუდენტების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას გაეცნობიან. სტუდენტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი შეხვდა და პროექტის სპეციფიკაზე ესაუბრა. სხვადასხვა სპეციალობის პრაქტიკანტებს, რომლებიც წარმოშობით იმ მუნიციპალიტეტებიდან არიან, სადაც პროექტის შესაბამისად განაწილდნენ, ფინანსურად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უზრუნველყოფს.